დაპირისპირება საგარეჯოში, სხვა თვალით დანახული სერგეენკო და ინაშვილის გაფრთხილება ხელისუფლებას

0

„ საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიუჟეტს, სადაც საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მედიკოსებთან შეხვედრა გაშუქდა, საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი საგარეჯოში წინასაარჩევნო კამპანიაში მაღალჩინოსნების ჩართულობას კვლავ აპროტესტებს. საგარეჯოში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს ხვდებოდნენ, როცა ამ შეხვედრაზე მოულოდნელად მივიდა ირმა ინაშვილი.

j

მან სერგეენკოს ასე მიმართა: „თქვენ ჩემი, ჩემი შვილების და ჩემი ამომრჩევლის ჯანდაცვის მინისტრიც ხართ და ვწუხვარ, რომ საარჩევნო აგიტაციის პროცესში ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მონაწილეობთ. ამისთვის არ გვიბრძოლია 2012 წლის ოქტომბერში. ასეთ ქვეყანას არ აგაშენებინებთ!”

და მაინც, რა ხდებოდა რეალურად შეხვედრაზე და როგორ აფასებენ ამ პროცესებს თავად საგარეჯოში?

ამ თემაზე სასაუბროდ „ფოსტალიონი“ მედიკოსების შეხვედრაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს დაუკავშირდა, რომელიც გაოცებული იყო საკმაოდ გაწონასწორებული მინისტრის საქციელითა და საუბრის ტონით.

„გუშინ, ჩვენთან, საგარეჯოს კლინიკაში მდივანმა მოგვაწერინა ხელი, რომ პირველ საათზე შეხვედრას დავესწრებოდით. შეხვედრა საგარეჯოს დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატ თამარ ხიდაშელთან და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ტარდებოდა. ზუსტად არ ვიცოდით, შეიძლება ჩვენთან ყოფილიყო შეხვედრა, შეიძლება დარბაზში, ცენტრში, რომელსაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ჰქვია. ფურცელს ხელი მოვაწერეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ, ჩვენთან ადრე არასდროს ყოფილა.

_ არც ნაციონალური მოძრაობის დროს ?

_ არასოდეს არ ხდებოდა, მოქალაქეთა კავშირის დროსაც არ მახსოვს, რომელიმე შეხვედრაზე დასასწრებად ხელის მოწერა მოეთხოვათ და აღრიცხვიანობა გაეკეთებინათ. სხვაგან იქნებ ხდებოდა, მაგრამ საგარეჯოს საავადმყოფოში ამის პრეცენდენტი ნამდვილად არ ყოფილა, სიაზე ხელი მოგვეწეროს, რომ დეპუტატთან, ან მინისტრთან შეხვედრას დავესწრებოდით. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული დავრჩი. რომელ ექიმს შეიძლება, რომ არ უნდოდეს თავის მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ ალბათ იფიქრეს, რომ ხიდაშელთან შეხვედრაზე რომელიმე ჩვენგანი უარს იტყოდა და ამიტომ მოიქცნენ ასე. მივედით, დაგვირიგეს თამარ ხიდაშელის ბუკლეტები, შეხვედრა დაიწყო და…

 

_ ინაშვილი მოულოდნელად წაადგათ თავზე?

_ დიახ, მასთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. შეხვედრის დაწყებიდან რაღაც პერიოდში გავიგეთ, რომ ინაშვილი იდგა ქვევით, ოღონდ ვერ შემოდიოდა, არ უშვებდნენ. მერე მაინც შემოვიდა, დაჯდა და უსმინა მინისტრის გამოსვლას. ბოლოს სიტყვა მოითხოვა და ამ სიტყვაში ძალიან აქო და ადიდა სერგეენკო. მერე კი დაამატა, რომ ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ერთვებოდეს, რადგან ის არის მისი მინისტრიც, მისი შვილების მინისტრიც და ზოგადად ქართველი ხალხის მინისტრი. მერე უთხრა, რომ რამდენიმე წინადადება ჰქონდა სათქმელი და გამოიყენებდა ამ შეხვედრის ფარგლებს. ილაპარაკა პატარძეულზე და ნინოწმინდაზე და სთხოვა მინისტრს დახმარება.

_ რა ხდება პატარძეულსა და ნინოწმინდაში?

_ ეს დიდი ხნის ისტორიაა და 2000 წლების დასაწყისიდან მომდინარეობს. ამ სოფლებში „კანარგოს” მიერ ხდებოდა ნავთობის მოპოვება. მოხდა ამოფრქვევა და იმატა ადამიანების სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა. დაიდო დასკვნა, რომ ეს ხალხი არიან მოწამლულები. ეს ფაქტი „კანარგოზე ” ცუდად რომ არ ასახულიყო, ნაციონალური მოძრაობის დროს მიიჩქმალა და დღეს ეს ხალხი ფაქტიურად უპატრონოდაა დარჩენილი. პატარძეულს და ნინოწმინდას სხვა დიდი არაფერი გასაჭირი აქვს ამის გარდა. ამიტომ, ვინც იქ ჩადის, ადრე თინა ხიდაშელი იყო, თუ სხვები, ყველას ამას შესჩივიან. ითხოვენ, რომ ჩატარდეს შემოწმებები, უკვე ახალგაზრდებშიც გაჩნდა ეს პრობლემა. ინაშვილმაც ეს უთხრა მინისტრს, არჩევნების შემდეგ იქნებ ჩაუტარდეს ამ ხალხს გამოკვლევა და მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურდეთო. ასევე დააყენა პოლიკლინიკის საკითხი. მერე დაემშვიდობა დარბაზს, მინისტრსაც და გადიოდა. ამ დროს მინისტრმა გააჩერა და უთხრა, მინდა გიპასუხოთო და მერე მოხდა ყველასთვის მოულოდნელი რამ. მან შეურაცხმყოფელი ტონით დაუწყო ინაშვილს ლაპარაკი. რამაც ყველა გაგვაკვირვა.

_ რაში გამოიხატა შეურაცხყოფა?

_ როგორ გითხრათ, გამოიხატებოდა ტონით, უდიერი მიმართვით. მაგალითად იყო ასეთი მიმართვა: „იმდენი უნდა გესმოდეთ, რომ ასე უცებ არ წყდება ასეთი საკითხები, ამას წინასწარი კვლევა სჭირდება” , (თითქოს თინა ხიდაშელს 3 წლიანი დეპუტატობის დროს ვინმემ დაუშალა კვლევის ჩატარებაში ხელი) კიდევ _ „თქვენი აქ მოსვლა და ამაზე საუბარი არის პროვოკაცია” და ა.შ. მე თვითონ პატარძეულიდან ვარ და იქ ცხოვრობენ ჩემიანები, ვიცი, რომ მართლა სერიოზული პრობლემაა, ყველაფერს ველოდი, მაგრამ იმას, რომ ამ პრობლემებს პროვოკაციად შეაფასებდა მინისტრი, ამას ნამდვილად არ ველოდი.

_რითი დამთავრდა ეს ინციდენტი?

_ ინაშვილმა დატოვა დარბაზი და გასვლისას თქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრს არჩევნებში ასე აშკარად ნაციონალებიც კი არ იყენებდნენ.

_ თვითონ ოცნების კანდიდატი არ ჩარეულა დისკუსიაში?

_ მან რაღაც ასეთი უთხრა ინაშვილს, ეს ჩემი შეხვედრაა და თქვენ რატომ მოხვედითო, რაზეც ინაშვილმა უპასუხა, მე შენთან არ მოვსულვარ, ეს არ არის შენი შეხვედრა, ეს შენობა არის ამერიკელების აშენებული სადისკუსიო დარბაზი და როცა მინდა, მაშინ მოვალო.

საღამოს „ობიექტივის“ ეთერში ინაშვილმა უფრო ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ თემაზე და საკმაოდ მკვეთრი მესიჯიც გაუგზავნა საქართველოს მთავრობას.

„არ შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ცუდია მინისტრების ჩაბმა საარჩევნო აგიტაციაში. მე ამ ხელისუფლებას რა ვუთხარი, რომ რესპუბლიკურ პარტიას ამდენი პოსტი ჩააბარა. აი, თვითონ, ეს ხელისუფლება საკუთარ თავზე მოიმკის ყველაფერ იმას, რასაც ახლა მე ვამბობ. სააკაშვილის გზას ადგას რესპუბლიკური პარტია. ვიცით, რომ აშანტაჟებენ  მთავრობას, ეს ხომ მათი სტილია _„ისტერიჩკობა“ და „შანტაჟისტობა“. ეს გზა დამღუპველია“.

ინაშვილის თქმით, მან მინისტრს ხალხის გზავნილები გადასცა და რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა, სერგეენკო საკმაოდ გაღიზიანდა და მას პოპულისტი უწოდა, რაზეც ინაშვილმა საჯაროდ გასცა პასუხი: „სამწუხაროა, რომ ადამიანთა დიდმა ნაწილმა თქვენი ობიექტური სახე დაინახა და დიახ, ქვეყანაში ნიღბების ჩამოხსნის დრო დადგა!“

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას: „საგარეჯოში ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა, თუ არ შეწყვეტთ ასეთ პროცესებს, მთელი საქართველო ჩამოვა საგარეჯოში და იქიდან დავიძვრებით კანცელარიისკენ და ქართველი ხალხი იტყვის თავის საბოლოო სიტყვას. ვიცი, კალაძეც აპირებს ჩასვლას და ვაფრთხილებ, არ ჩავიდეს და არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. მე ბოლო 10 დღე ვიცხოვრებ საგარეჯოში და ერთად გადავტეხოთ შიში. 31 ოქტომბერი იქნება ჩვენი გამარჯვების და დიდი სიყვარულის დღე“.

Leave A Reply

Your email address will not be published.