Vice News – რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია

0

“რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია” – დოკუმენტური ფილმი ამ სათაურით ამერიკულმა ტელეკომპანია Vice News-მა მოამზადა.
ჟურნალისტი სიმონ ოსტროვსკი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას ესაუბრა.
ავტორი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთია იმ ორი რეგიონიდან, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ომში გახვია, თუმცა ახლა მოსკოვი უფრო შორს წავიდა – საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ნიშნები განათავსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოაქცია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში გაყვანილი BP-ის მილსადენი.
“ახლა რუსეთს აქვს შესაძლებლობა, BP-ის ოპერაციების საბოტაჟი განახორციელოს, როცა მოუნდება”, – აცხადებს ოსტროვსკი და დასძენს, რომ რუსები აკავებენ ყველას, ვინც ახალ დე ფაქტო საზღვარს გადაკვეთს.
“მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მიწა ამ საზღვრის ორივე მხარეს საქართველოს ეკუთვნის. მარტო რუსეთი ამბობს, რომ ამ მავთულხლართებს მიღმა არსებული მიწა დამოუკიდებელი ქვეყნის – სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა”, – ამბობს ავტორი.
ფილმს ლაიტმოტივად გასდევს ე.წ. საზღვრის უკანანოდ გადაკვეთის ბრალდებით ქართველი მწყემსების დაკავება და გათავისუფლება. მასში ასევე ასახულია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა.
“ნატო-ს ლიდერსაც არ სურს რუსეთის გაბრაზება”, – ამბობს სიმონ ოსტროვსკი. იგი ხაზს უსვამს, რომ ყველა ქართველი ხელისუფალი, ვისაც ესაუბრა, რუსეთის პროვოცირების საფრთხეზე საუბრობს, თუმცა მთავრობის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს “ნაციონალური მოძრაობა”.
ჟურნალისტი ესაუბრა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივან გიგა ბოკერიას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.

Leave A Reply

Your email address will not be published.