ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქალების როლი დონალდ ტრამპის არჩევაში და თქვა, რომ ამ შედეგმა მსოფლიოს აჩვენა, როგორ აკლიათ ქალებს გაძლიერება და სხვა ქალებისა და საკუთარი თავის რწმენა.

“ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე, მე ბევრს ვფიქრობ ჩვენზე, ქალებზე, მათ ბედზე, იმაზე, რას ვფიქრობთ ქალები საკუთარ თავზე. რა ხდებოდა ჩვენს გონებაში, როცა ტრამპს გამარჯვების უფლება მივეცით? და რაზე უნდა იოცნებონ პატარა გოგოებმა, თუ ჩვენ კიდევ აქ ვართ [გაჭედილები]?”, – თქვა მიშელმა ლოს-ანჯელესში, ქალების სამიტზე.

ობამას თქმით, ჰილარი კლინტონის მარცხმა მას მრავალი კითხვა გაუჩინა:

“როცა ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი ქალი იყო და ჩვენ მაინც ეს დავუშვით, ამ არჩევანით საკუთარ თავებზე უამრავი რამ ვთქვით. ეს გვააშკარავებს, თუ რა ეტაპზე ვართ, ნუთუ ქალებს ერთმანეთში ისევ ეჭვი გვეპარება? იქნებ კიდევ გვაქვს ეს შეშლილი აკრძალვა ქალების მიმართ გონებაში და ეს წინააღმდეგობა კაცების მიმართ არ გვებადება? თუ არ გვსურდა ჩვენი პრეზიდენტი ქალი ყოფილიყო, მაშინ ამის სანაცვლოდ რა არჩევანს ვაკეთებდით?”დავიღალე და იმედგაცრუებული ვარ იმის ყურებით, რომ უამრავი კაცი საშინელი შეცდომების მიუხედავად, მაინც გამარჯვებული რჩება”, – აცხადებს მიშელ ობამა.

ყოფილი პირველი ლედის სიტყვებით, მას სჯერა, რომ გოგოებს კვლავ მეტად სთხოვენ სრულყოფილებას და მათ ისევ უფრო მაღალ სტანდარტებს უდგენენ, ვიდრე ბიჭებს:

“ვისურვებდი, ქალებიც უშვებდნენ ისეთ ცუდ შეცდომებს, როგორსაც კაცები და ეს დიდ ამბად არ აქციონ. და იცით რატომ? გულწრფელად გითხრათ, დავიღალე და იმედგაცრუებული ვარ იმის ყურებით, რომ უამრავი კაცი საშინელი შეცდომების მიუხედავად, მაინც გამარჯვებული რჩება”.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მიშელ ობამამ ტრამპის ქალი მხარდამჭერები გააკრიტიკა. 2017 წელს გამართულ კონფერენციაზე მიშელმა თქვა, რომ ყველა ქალმა, რომელმაც ხმა ჰილარის წინააღმდეგ მისცა, საკუთარ გაჩუმებას დაუჭირა მხარი.

2016 წლის ეგზიტპოლის შედეგებით, ტრამპს მხარი დაუჭირა:

  • თეთრკანიანი ქალების 52%-მა;
  • შავკანიანი ქალების 4%-მა;
  • ლათინოამერიკელი ქალების 25%-მა.

მიშელმა უარყო იდეა, რომ 2020 წელს არჩევნებში ის კანდიდატად ჩაერთვებოდა:

“როცა მეუბნებიან, “მიდი, ჩაერთე არჩევნებში”, ესეც პრობლემის ნაწილია. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, როგორი მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაც ერთად შეგვიძლია. სწორი არაა დამოკიდებულება “შენ შეგიძლია”, სწორია – “ჩვენ შეგვიძლია”. და სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას”.

მოუსმინეთ მიშელ ობამას გამოსვლას სრულად