პრემიერი: რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

0

ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოში სტუმრად მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იაცეკ ჩაპუტოვიჩს, უკრაინის ვიცეპრემიერ მინისტრს, პავლო როზენკოს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუსს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს, რომლებიც თბილისში, ” ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ” ღნისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას.

დღევანდელ დღეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ 10 წლის განმავლობაში ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე, საქართველომ შეძლო და დაამტკიცა, რომ არის ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო და შესწევს ძალა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, მიაღწიოს წარმატებას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც შეძლო შეუქცევადი წინსვლა იმ საპასუხისმგებლო გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა და ევროატლანტიკური სივრცისკენ შეუქცევადი სვლა. ჩვენი ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და პასუხისმგებლიანი წევრი, წარმატებით აგრძელებს მსხვილი კონტრიბუციის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შესაძლებელი გახადოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას სამშვიდობო გზას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გადადგმული არაერთი სამშვიდობო ნაბიჯი იმის დასტურია, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. თუმცა დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვას ხაზი, რომ საქართველოსა და ჩვენი ერის ინტერესში არის მხოლოდ მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

საქართველოს ინტერესშია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე.

ქართველი ხალხის ინტერესშია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მდგრადი და მშვიდობიანი განვითარება. დიახ, საქართველო დაინტერესებულია, რომ ჩვენ ერთობლივად შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისა და განვითარების პირობები ამ რეგიონში, რადგან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ განვითარებისა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის გზით.

ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალ დონეზე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებულია საქართველოს მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, შეცვალოს აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობით სამშვიდობო ფორმატებში – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში – ვახერხებთ, ურთულესი გამოწვევებისა და პროვოკაციების პირობებში თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენი აქტიური ძალისხმევით რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებთ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების ეტაპობრივ გადაჭრას.

10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას და ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებდა რუსეთის სამხედრო შენაერთებს. თუ რუსეთის მთავრობა იაზრებს რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესს სამეზობლოში მშვიდობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით და სურს კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა საქართველოსთან, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები. რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე და არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ადგილზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.