სკანდალი ფარიკაობის ფედერაციაში – ისრაელში ჩასული 6 მოფარიკავე არალეგალურად დარჩა

0

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია სკანდალში გაეხვა. ისრაელში, შეკრებაზე წასული 6 მოფარიკავე არალეგალურად დარჩა, რომელთან კონტაქტიც ამ დრომდე ვერ მყარდება. ამის გამო, ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალს მიმართა და საქართველომ სანქციები მიიღო. დისკვალიფიკაცია ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ზაზა მჭედლიძემ და ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, დავით სახვაძემ მიიღეს. რიგგარეშე ყრილობა 8 სექტემბერს ისე ჩატარდა, რომ მედიას ამაზე ინფორმაცია არ ჰქონია, ხოლო მჭედლიძეს გადადგომისას ისრაელში მომხდარზე არ უსაუბრია. მომხდარი „აიპრესს“ ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ბაზაძემ დაუდასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ სპორტსმენების დისკვალიფიკაციის პუნქტი გაუქმდა და ისინი ჩვეულებრივ შეძლებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანზე კი საერთაშორისო ფედერაციიდან კატეგორიული მოთხოვნა იყო და ისინი ფარიკაობას ჩამოაშორეს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ, ჯარიმის სახით, 5000 ფრანკიც გადაიხადა.

– ვინ იყვნენ ის სპორტსმენები, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ?

– ყოფილი სპორტსმენები იყვნენ. როგორც ახლა ირკვევა, წარსულში მოფარიკავეები. ფედერაციას მომართეს თხოვნით, რომ შეკრებაზე წასულიყვნენ ისრაელში და ამათმა უარი არ უთხრეს. წავიდნენ იქ, უკვე ჩალაგებული ჰქონდათ ნივთები, რომ თითქოს უნდა ევარჯიშათ ისრაელის ნაკრებთან. შემდეგ დარჩნენ, ვერ იპოვნეს. ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაბრუნდნენ. ისრაელის ფედერაციამ კი საერთაშორისო ფედერაციას მიმართა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, დარჩნენ ეს პიროვნებები და იქნებ როგორმე დავაბრუნოთო. ჩვენც მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ორგანოებსაც. დავაფიქსირეთ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა. დაბრუნდნენ თუ არა საქართველოში პრეზიდენტი და გენმდივანი, მაშინვე გააკეთეს ეს. თუმცა, ისრაელის ფედერაციამ არ მოისვენა. მიწერ-მოწერები ჰქონდა საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალთან და იქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დისკვალიფიკაცია მიეცათ პრეზიდენტისა და გენერალური მდივნისთვის. აი, ეს მოხდა. ესაა სიმართლე. – ფულადი სანქცია რამდენი დაგეკისრათ? – ფულადი სანქცია დაგვეკისრა 5000 ფრანკი, რაც გადავიხადეთ. სპორტსმენებს მოეხსნათ აკრძალვა გამოსვლაზე და ჩვეულებრივ იასპარეზებენ საერთაშორისო ასპარეზზე.

– ეს 6 ადამიანი არ გამოჩენილა?

– არა. ეს უკვე იმათი საქმეა, ჩვენი აღარ არის. ძიებამაც იცის, სამართალდამცავები ისრაელიდანაც და საქართველოდანაც ჩართულები არიან. მათი საქმეა, აღარც დავინტერესებულვართ.

– რიგგარეშე ყრილობაზე გადადგომის მიზეზები არ გახმაურებულა. ზაზა მჭედლიძის წასვლის მიზეზი ეს გახდა?

– კი, იმიტომ, რომ საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნა იყო და ისინი არიან ჩვენი ზემდგომები. მათ გადაწყვეტილებას ვერანაირად გავასაჩივრებდით და აზრიც არ ჰქონდა. ფაქტი მოხდა, დარჩნენ. ხშირად ხდება ასეთი ფაქტები. მიდიან და ვერ მოდიან. მე ვხელმძღვანელობ ახლა ფედერაციას. არაფერი ისეთი არ ხდება ცუდი. დღე და ღამე ვვარჯიშობთ და ვემზადებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად.

ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.