ბათუმში, სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებული მართვით სუნთქვაზეა

0

ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მეორეს ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკას მიმართა აჭარის ტელევიზიის ოპერატორმაც, რომელმაც ადგილზე მუშაობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

“შემთხვევის ადგილიდან ორი მოქალაქე იქნა გადაყვანილი ორ სხვადასხვა კლინიკაში. 53 წლის მამაკაცი, რომელსაც პირველადი კვლევები ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
მეორე პაციენტი, 60 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა ბათუმში გუშინ ძლიერი ქარის გამო მოხდა. სამაშველო სამსახურში 22 გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავადა, რამდენიმე ავტომობილი კი დაზიანდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.