“ტექნო ბუმიდან” პროდუქციის განვადებით შეძენას მომხმარებლები ბანკის გარეშე შეძლებენ

0

“ტექნო ბუმში” პროდუქციის განვადებით შეძენა მომხმარებელს აპრილის ბოლოდან ბანკის გარეშე შეეძლებათ. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ “აიპრესს” განუცხადა, შიდა განვადების ახალი სისტემა აპრილის ბოლოდან ამოქმედდება.

ანზორ ქოქოლაძის თქმით, ახალმა საბანკო რეგულაციებმა, მნიშვნელოვნად შეამცირა განვადების წილი, შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება აამოქმედონ შიდა განვადება, სადაც მომხმარებელი პროდუქციის შეძენას ბანკის ჩართულობის გარეშე შეძლებს.”ტექნო ბუმის” დამფუძნებლის განმარტებით, განვადების დამტკიცების აუცილებელი კრიტერიუმი კარგი საკრედიტო ისტორიაა.

“საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე იძულებული გავხდით შიდა განვადებაზე გვეზრუნა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობთ, 1 თვის განმავლობაში შევძლებთ შიდა განვადების დაწყებას. ყოველ შემთხვევაში მწარმოებლებთან უკვე შეთანხმებულია, ახლა ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან გვაქვს მოლაპარაკებები დაწყებული, ვფიქრობთ 1 თვეში შევძლებთ შიდა განვადებების ამოქმედება დავიწყოთ.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ საბანკო რეგულაციებმა ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შეამცირა განვადების წილი. ვცდილობთ სხვა გამოსავალი ვნახოთ. ველაპარაკებით მომწოდებლებს, რადგან შიდა განვადების პროექტი განვახორციელოთ, სადაც პროდუქციის შეძენა განვადებით, ბანკის გარეშე, იქნება შესაძლებელი.

აღარ მოხდება ბანკის მხრიდან ჩართულობა განვადების გაკეთების პრცესში. მხოლოდ კონტრაქტი იქნება დადებული მომხმარებელსა და ჩვენს შორის.შესაბამისად, 1 წლიანი შიდა განვადება იქნება და მომხმარებელი 1 წლის განმავლობაში გადაიხდის გატანილი ნივთის ღირებულებას. პროცედურას შიდა განვადების დამტკიცების დროს დასჭირდება დაახლოებით 10 წუთი, სწრაფად უნდა ხდებოდეს ხელშეკრულების გაფორმება.

-რა კრიტერიუმით იხელმძღვანელებთ განვადების დამტკიცებისას?

-არის რაღაც კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი, ისეთი კრიტერიუმები არ იქნება, როგორიც უნდა იყოს ახალი საბანკო რეგულაციების მიხედვით, როგორც საბანკო რეგულაციებამდე ხორციელდებოდა იმ დონეზე იქნება.

საკრედიტო ისტორიას მივაქცევთ პირველ რიგში ყურადღებას. შემოსავლებიც მნიშვნელოვანია, თუმცა დადასტურება არ არის აუცილებელი, თუ თვითონ მომხმარებელი ამტკიცებს რომ აქვს შემოსავალი, შემოსავალი არ იქნება პრიორიტეტი, მთავარია კარგი საკრედიტო ისტორია ჰქონდეს.”,-განაცხადა “ტექნო ბუმის” დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ.

ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.