ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კანონს “მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ განიხილავს

0

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს კანონს “მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ.“

ახალი კანონპროექტი ამაღლებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტს და ქმნის ერთიან საკანონმდებლო ბაზას,, რომელიც ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით მომზადდა.

ინიციატივის მიხედვით, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ექსპლოატაციის პირობებზე.

კანონი დაიცავს მომხმარებელს, უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან. კანონი ვრცელდება როგორც ქუჩაში, ასევე, ონლაინ და დისტანციურად დადებულ გარიგებებზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება 30 ლარს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელმა მისი უფლებების დასაცავად უნდა მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც შეისწავლის განაცხადს და დარღვევის შემთხვევაში, ჯერ გააფრთხილებს მოვაჭრეს და ვადას მისცემს გამოსასწორებლად, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დააჯარიმებს მას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.

კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით “სამომხმარებლო ბაზარი საქართველოში დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

მისივე თქმით, ყოველდღიურად არაერთი ფაქტი ფიქსირდება, როცა არაკეთილსინდისიერი ბიზნესი ბოროტად სარგებლობს მომხმარებლის არაინფორმირებულობით.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პროდუქტს შეიძენენ 0%-იანი განვადებით, თუმცა, მათ არ აწვდიან ინფორმაციას დამატებითი ხარჯების შესახებ, რაც შემდგომში სამართლიანად იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სერიოზულად ირღვევა ტურისტების სამომხმარებლო უფლებებიც, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

კონკურენციის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონის აღსრულებას, დაეხმარება მომხმარებლებს მათი უფლებების დაცვაში, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. რაც მთავარია, კანონი არ იქნება ორიენტირებული ბიზნესს შეიქმნას რაიმე წნეხი”-განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Leave A Reply

Your email address will not be published.