27 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

0

27 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.

1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა. შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.

კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი.

ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

Leave A Reply

Your email address will not be published.