გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

0

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი(125კგ) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა თურქების ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 6:6-ზე, ბოლო ორი ქულის წყალობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისთვისაც რევანში აიღო.

გენო პეტრიაშვილმა აკგული 2017 წლის პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც დაამარცხა. გასულ წელს კი, ბუდაპეშტში, თურქი ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა. გენომ კი ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავის ტიტულის დაცვა.

გენო პეტრიაშვილმა, გარდა ოქროს მედლისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა, რადგან ექვეულში მოხვედრა გუშინვე გაინაღდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს მედალი მეორეა. ცოტა ხნის წინ, 92 კგ წონით კატეგორიაში, სადებიუტო მსოფლიოზე, ირაკლი მწითურმა მასპინძელი ყაზახი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.

ხვალ, ოქროს მედლისთვის ბექა ლომთაძე (61კგ) შეუტევს, ელიზბარ ოდიკაძეს (97კგ) კი, ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა, რადგან მისი დამმარცხებელი შარიფოვი, ფინალში გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ ოდიკაძე უკრაინელს დაამარცხებს დამამშვიდებელ წრეში, ის ექვსეულში ადგილს გაინაღდებს და ტოკიოს თამაშების ლიცენზიასაც დაეუფლება.

www.recorden.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.