რატომ დააკავეს “გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელის ოჯახის ხუთი წევრი

0

ბათუმში 5 პირს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ბრალდებულები კი ამტკიცებენ, რომ პოლიციელმა აგინა და იარაღი მიაბჯინა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მსჯელობს შეუფარდოს თუ არა ბრალდებულ 5 პირს წინასწარი პატიმრობა.

შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა, ბრალდებულების ვერსიით, ისინი ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, მოგვიანებით ტაქსი გამოიძახეს და ეზოში ელოდებოდნენ. ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ ავტომობილს მიერყდნენ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ავტომობილი იქვე მცხოვრებ შს სამინისტროს მაღალჩინოსანს – როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ დროისთვის შვებულებაშიიმყოფებოდა. 

დაკავებულები ყვებიან, რომ როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც მოჰყვა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

ბრალდებულების თქმით, ის სამოქალაქო ფორმაში იყო და მათ შეურაცხყოფას აყენებდა.  სასამართლო პროცესზე დღეს ითქვა, რომ იმ დღეს არსებული ჩანაწერიც არსებობს, სადაც დაკავებულები პოლიციელს ეუბნებიან, რომ პოლიციას პატივს სცემენ და მათ სამართალდამცველი მეგობრებიც ჰყავთ. 

პროკურატურის ვერსიით კი, პოლიციელი როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, 5 პირი მას თავს დაესხა. 

ბრალდება ითხოვს, 5-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდონ, რადგან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. 

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, პოლიციამ 5-ვე პირი დააკავა, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები “გაზეთ ბათუმელების” მფლობელის და დირექტორის მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები არიან

Leave A Reply

Your email address will not be published.