5 ოქტომბერს გია ყანჩელი გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე, 6 ოქტომბერი (1933 წ.) კი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა

1

“ფალიაშვილი დიდხანს ავადმყოფობდა და ყველამ იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მაინც, როცა რადიომ გამოაცხადა მისი გარდაცვალების ამბავი (ეს 6 ოქტომბერს იყო), თითქოს ელდა მეცა“, – იხსენებს აკადემიკოსი ვახტან ბერიძე გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემულ მოგონებებში, – „კონსერვატორიის დარბაზში ესვენა, იყო პანაშვიდები ყველა აუცილებელი ატრიბუტით – ორკესტრით, გვირგვინებით, საპატიო ყარაულით… მაგრამ მართლაც ამაღელვებელი და საზეიმო განწყობილება შეიქმნა, როდესაც მეორე პანაშვიდზე ორკესტრმა, გუნდმა და ნიკო ქუმსიაშვილმა „აბესალომის“ მესამე მოქმედება შეასრულეს მთლიანად. ამ განწყობილებას ისიც უწყობდა ხელს, რომ დირიჟორობდა ზაქარიას უფროსი ძმა, ივანე ფალიაშვილი. ქუმსიაშვილს ხომ ლამაზი და ძლიერი ხმა ჰქონდა, აქ კი, შედარებით მცირე დარბაზში, მისი ხმა ერთიანად ავსებდა იქაურობას. ახლაც მახსოვს, როგორ მივლიდა ჟრუანტელი“.

ზაქარია ფალიაშვილს უყვარდა თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მასზე ამბობდნენ, „ეჭვით უცქერდა უბრალო სატკივარს და ხშირად ფრჩხილის წამოტკენასაც კი ერთ უშველებელ რამედ აზვიადებდაო“. თუმცა, დიაგნოზი, რომელიც კომპოზიტორს 1933 წლის გაზაფხულზე დაუსვეს გაზვიადებას აღარ საჭიროებდა: ხელისა და წელის ტკივილის მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის კიბო აღმოჩნდა.

სახელმწიფო კონსერვატორიიდან ზაქარია ფალიაშვილი თავისმა ხუთმა ძმამ გამოასვენა (სულ 17 და-ძმა იყვნენ). ხუთიდან ერთი, დირიჟორი ივანე ფალიაშვილი, რომელსაც განსაკუთრებული ამაგი ჰქონდა ზაქარიაზე, სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ გარდაიცვლება. მისი დაკრძალვის დღესაც თბილისის ოპერის სცენაზე კვლავ გლოვის ზარივით აგუგუნდება „აბესალომი“.

„კომპოზიტორი არა ვარ, რომ დავაფასო ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა, რომლითაც გამოსთქვა სულისკვეთება აბესალომის, ეთერისა და მურმანისა, მაგრამ იმდენი ყურთა სმენა მაინც მაქვს, რომ ვსთქვა, რამდენადაც დემონის და ღალატის მუსიკა ეუცხოება ქართველსა, იმდენად აბესალომისა და ეთერის მუსიკა ქართულია და გულის მისახვედრი არა თუ მარტო იქ, სადაც ეთნიკურ კოლორიტს გვიხატავს, არამედ იქაც, სადაც ნამდვილი მუსიკალური შემოქმედება სჩანს ავტორისა, მაგალითად, ოპერის მესამე მოქმედებაში, რომელიც მთლიანად შედევრია და დამყარებულია ქართული ძველებური გლოვის ზარის კილოზე“, – წერდა „აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტოს ავტორი პეტრე მირიანიშვილი „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში“.

უკვდავი მუსიკის შემქმნელს, როგორც ვახტანგ ბერიძე იხსენებს, თურმე გარეგნულად არტისტული და მით უფრო რომანტიკული არაფერი ჰქონდა. სრულიად მელოტი იყო, გაპარსული, სახე აწითლებული. პენსნეს ატარებდა. ლაპარაკობდა სწრაფად და არც მაინცდამაინც მკაფიოდ. ხშირად იცოდა აღელვება და მაშინ „დედაია, დედაიას“ იძახდა. თავაზიანი შეხვედრა იცოდა და მოსალმებისას ყოველთვის ერთნაირად იღიმებოდა.“ – ‎წყარო: Jimsher Rekhviashvili‎ -სთან თბილისური ფოლორცი (ფეისბუქგვერდი).

Leave A Reply

Your email address will not be published.