ადამიანის სპერმის ღეროვანი უჯრედები ლაბორატორიაში პირველად გამოზარდეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ლაბორატორიულ გარემოში სპერმატოგენული ღეროვანი უჯრედების (SSCs) გაზრდა შეძლეს. ეს ის უჯრედებია, რომლებიც საბოლოოდ სრულად ჩამოყალიბებულ სპერმად ვითარდებიან.

ჯერჯერობით ამ უჯრედების კლინიკურად გამოყენებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ამ მიღწევით ხელოვნური განაყოფიერების სფეროში რევოლუციურ ცვლილებებს შეიძლება დაედოს დასაბამი. სამედიცინო სფეროს მუშაკები უკვე დიდი ხანია, რაც სპერმის ხელოვნურად წარმოების გზებს ეძებენ, თუმცა სპერმატოგენული ღეროვანი უჯრედების გენერირება აქამდე შეუძლებელი იყო. მაგრამ რადგან ახლა ეს ტექნოლოგია არსებობს, რაღაც ეტაპზე მისი პრაქტიკულ მედიცინაში დანერგვაც შეიძლება მოხერდხეს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა, რომელსაც რამდენიმე ტექნიკა — მათ შორის, რნმ-სეკვენსირების ანალიზი — უმაგრებს ზურგს, SSC თერაპიის კლინიკურ გამოყენებაში დანერგვისაკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”, — აცხადებს რეპროდუქციულ მეცნიერებათა მკვლევარი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, მაილს უილკინსონი.

SSC-ებს ყოველ ორ წამში ათასამდე სპერმის გენერირება შეუძლიათ. აქამდე პრობლემა ის იყო, რომ მეცნიერებს სათესლე ჯირკვლებში არსებული სხვა მსგავსი უჯრედებისგან SSC-ების განსხვავება და გამოცალკევება არ შეეძლოთ.

“ჩვენი მომდევნო მთავარი მიზანი ლაბორატორიაში გაზრდილი ადამიანის სპერმატოგენული ღეროვანი უჯრედების სიცოცხლის იმდენად გახანგრძლივებაა, რომ მათი კლინიკური გამოყენება გახდეს შესაძლებელი”, — ურთავს უილკინსონი.

თუ ეს მოხერხდება, მიღწევა ტრანსგენდერ ან არაბინარული იდენტობების მქონე წყვილებისთვის მშობლად გახდომის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. იგივე ითქმის იმ სისგენდერ კაცებზე, რომლებიც სპერმას ასაკის ან სხვა მიზეზთა გამო ვერ გამოიმუშავებენ.

თუმცა ამ ეტაპზე მეცნიერებს ახალი უჯრედების გამოზრდა მხოლოდ ლაბორატორიულ სინჯარაში შეუძლიათ.

კვლევა ჟურნალში PNAS 13 ივლისს გამოქვეყნდა.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...