ავღანეთში ”თალიბანის” თავდასხმას უშიშროების სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი ემსხვერპლა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად, უშიშროების სამსახურის 100-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი”თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტერორისტები ვარდაკის ცენტრალურ პროვინციაში თავს სამხედრო კომპლექსს დაესხნენ.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ აფეთქება სამხედრო სწავლების ცენტრში მოხდა, რის შედეგადაც 126 ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით, აფეთქების შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი  ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის ბაზასთან  არსებული დანაღმული ავტომობილი იყო. თავდასხმის უკან რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები დგანან.

აღსანიშნავია, რომ სამი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მაგრამ მეოთხემ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

პაკისტანური გამოცემა The News-ის ცნობით, ავღანეთის მეთაურმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მზად არის „თალიბანთან“ მოლაპარაკება შუამავლის მეშვეობით აწარმოოს.

Comments
Loading...