ამ პროფესიის ადამიანებს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ…

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანებს მარგალიტის მომპოვებლებზე მაღალი ხელფასი აქვთ…

გოლფის სათამაშო მინდორთან ახლოს ყოველთვის დარბიან ბავშვები, რომლებიც მოედნიდან გადავარდნილ ბურთებს კრეფენ და ცოტაოდენი ფულის სანაცვლოდ, მოთამაშეებს უბრუნებენ.
დაახლოებით იმავეს, მაგრამ გაცილებით ძვირად წყლიდან გოლფის ბურთების ამომტანებიც აკეთებენ. უფრო მეტიც, გოლფის ბურთებზე „ნადირობა“ მათი ძირითადი პროფესია და შემოსავლის წყაროა.

გოლფის ნებისმიერმა მოთამაშემ იცის, რომ, თუ მოედნის გვერდით ტბა ან წყალსაცავია, ბურთი აუცილებლად წყალში ჩავარდება. გოლფი არისტოკრატების თამაშია, ასეთები კი „გროშიანი ბურთის“ გამო, წყალში ფეხს არ დაისველებენ. სწორედ ამ დროს, საქმეში მყვინთავები ერთვებიან, თუმცა მინდორზე მორბენალი ბავშვებისგან განსხვავებით, თავიანთ სამუშაოს საკმაოდ ძვირად აფასებენ.

აკვალანგით აღჭურვილი მყვინთავი წყალსატევის ფსკერამდე ჩადის და იქიდან ასობით, ხანდახან ათასობით ბურთი ამოაქვს. ამის შემდეგ მათ სპორტულ მაღაზიაში ან ფაბრიკაში აბარებს, სადაც ბურთებს პირვანდელ იერს უბრუნებენ და ხელმეორედ ყიდიან. სხვათა შორის, ბევრი ახალბედა სიამოვნებით ყიდულობს წყლის ფსკერზე ნამყოფ ბურთებს – ჯერ ერთი, მათი ფასი ახალზე დაბალია და მეორეც, გოლფში არსებობს მითი, რომ ბურთი, რომლითაც პროფესიონალი თამაშობდა, წარმატების მომტანია.

მაღაზიებსა და ფაბრიკაში მყვინთავებს თითო ბურთში, დაახლოებით, 10 ცენტს უხდიან, თუმცა ჩასაბარებელი ბურთების რაოდენობა ზოგჯერ რამდენიმე ტომარას აღწევს. მაგალითად, ამერიკელი პროფესიონალი მყვინთავი ფორესტ როტჩაილდი, რომელიც უამრავ გოლფ-კლუბთან თანამშრომლობს, ირწმუნება, რომ ყოველდღიურად წყლიდან 4000-ზე მეტი ბურთი ამოაქვს, რაც, ჯამში, სოლიდურ თანხას შეადგენს.

ზოგჯერ მყვინთავებს პერსონალური შეკვეთების შესრულება უწევთ. ისეც ხდება, რომ რომელიმე მდიდარი მოთამაშე თავის იღბლიან ბურთს კარგავს და სწორედ ეს ბურთია ამოსატანი. ბუნებრივია, ამ დროს ბურთის ფასი გაცილებით ძვირია, ვიდრე მაღაზიებს შეუძლიათ, შესთავაზონ.

არისტოკრატთა თამაშებით მხოლოდ მყვინთავები არ ხეირობენ. უამრავ გოლფ-კლუბში არსებობს ბურთთან უკეთესი კონტაქტისთვის გოლფის ყვინჯის სპეციალური საცხით მწმენდავის სამსახური. ამ პროფესიის წარმომადგენლებს ჰყავთ თავიანთი კლიენტები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მწმენდავს შეუძლია, ყვინჯი წარმატებული გახადოს.

Comments
Loading...