არქეოლოგებმა მონტანაში “კაუჭა დინოზავრი” აღმოაჩინეს

Trierarchuncus prairiensis მწერების მჭამელი დინოზავრების ჯგუფის, Alvarezsaurus-ის ახლადაღმოჩენილი წევრია. ამ დინოზავრს კაუჭის მსგავსი კლანჭები, მოკლე, მსხვილი მკლავები და გრძელი ფეხები ჰქონდა. მისი ასევე გრძელი დინგი კი პატარა კბილებით იყო სავსე. იგი ბუმბულით იყო დაფარული და გრძელი კუდით გამოირჩეოდა.

დინოზავრი სამი მეტრი სიგრძის იყო, რაც სხვა უამრავ გიგანტურ დინოზავრთან შედარებით საკმაოდ პატარა ზომაა. მკვლევრებმა T. prairensis-ის კლანჭების ნიმუშები მონტანაში მიმდინარე გათხრების დროს აღმოაჩინეს.

Alvarezsaurus-ის ჯგუფი აქამდე ცნობილი აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ნაპოვნი ფრაგმენტებისგან და ნამარხებისგან იყო. პალეონტოლოგებმა კი ახლახან კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აღწერილია, რომ ნაპოვნი კლანჭები ამ ახალაღმოჩენილ სახეობას ეკუთვნოდა.

მიიჩნევა, რომ ფუმფულა დინოზავრის კაუჭა კლანჭები მცენარეების, მწერების ბუდეებისა და დამპალი ხეების გასახლეჩად იყო საჭირო. პალეონტოლოგების თქმით, აღმოჩენილი სახეობა Alvarezsaurus-ის ყველაზე გვიანდელი პერიოდის წარმომადგენელია და უკანასკნელი არაფრინველისებრი დინოზავრია, რომელიც ცნობილ მასიურ გადაშენებამდე არსებობდა.

ისინი ასევე დინოზვართა ჯგუფის, maniraptorans-ის წევრები არიან, სადაც ის დინოზავრებიც ერთიანდებიან, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩიტებად განვითარდნენ.

წინა კიდურების კლანჭების ნიმუშები ერთ ინდივიდს არ ეკუთვნოდა, რადგან ამ უცნაურ არსებებს მხოლოდ ერთი თითი ჰქონდათ, რომელიც მოკლე, მაგრამ ძლიერ მკლავთან იყო დაკავშირებული.

“ნაპოვნი კლანჭები როგორც მოზარდ, ისე ზრდასრულ ინდივიდებს ეკუთვნოდათ. ნამარხების ანალიზით დავადგინეთ, რომ რაც უფრო იზრდებოდა დინოზავრი, უფრო ძლიერი ხდებოდა მისი კლანჭები — სისხლძარღვები ძვალში ბევრად ღრმად ჩაზრდილი, ხოლო ზედაპირი იმაზე ბევრად უხეში ხდებოდა, ვიდრე ეს ახალგაზრდა დინოზავრებში იყო წარმოდგენილი”, — აცხადებენ მკვლევრები.

ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერები მსგავს მახასიათებლებს Alvarezsaurus-ის სახეობების სკლასიფიკაციისთვის იყენებენ. აქამდე ზოგიერთი სახეობის მიკუთვნება კი სწორედ ახალგაზრდა დინოზავრების ნამარხების მეშვეობით მოხდა, რაც კლასიფიცირებას პოტენციურად არაზუსტს ხდის.

“დინოზავრები განვითარების პროცესში მნიშვნელოვნად იცვლებოდნენ. ახალგაზრდა დინოზავრები, შესაძლოა, მორფოლოგიურად უფრო მეტად მათი წინაპრების მსგავსები ყოფილიყვენ, ვინდრე — საკუთარი სახეობის ზრდასრული წარმომადგენლების”, — განმარტავენ მკვლევრები.

წყარო: On.ge

Comments
Loading...