აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა ტელეარხ MSNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტში დოკუმენტის აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის იურიდიული კომიტეტისთვის გადაცემის თაობაზე კენჭისყრა გაიმართება. ადამ შიფი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის წარმომადგენელთა პალატა  გამოძიებას და საქმეზე ახალი ფაქტების მიწოდებას აგრძელებს.

თუ დონალდ ტრამპის დანაშაული დადასტურდება, მაშინ მას და ფედერალური უწყების ზოგიერთ თანამშრომელს თანამდებობას დაატოვებინებენ. ისინი შესაძლოა ღალატში, მოსყიდვაში ან სხვა დანაშაულში დაადანაშაულონ.

4 დეკემბერს კომიტეტში გაიმართება მოსმენა თემაზე: ”პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიება: საპრეზიდენტო იმპიჩმენტის კონსტიტუციური საფუძველი”.

დემოკრატებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი ამა წლის 24 სექტემბერს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამერიკელმა ინფორმატორმა დონალდ ტრამპის თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმერ ზელენსკისთან ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის გამო, შეშფოთება გამოთქვა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის საუბრის თაობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მასზე ზეწოლა მოახდინა და აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა სახელმწიფო ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, მაგრამ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საუბრის ჩანაწერში რაიმე უკანონო ვერაფერი აღმოაჩინა. წარმომადგენელთა პალატაში კი განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აუცილებელია.

Comments
Loading...