აშშ-მ კომპანია Huawei-ს თანამშრომლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებებისთვის, კერძოდ ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებისთვის სავიზო შეზღუდვები დაწესდება.

“დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვებს ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიათა გარკვეულ თანამშრომლებზე, რომლებიც მატერიალურ დახმარებას უწევენ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ რეჟიმებს.” – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში.

იგი აღნიშნავს, რომ, კერძოდ, ეს გადაწყვეტილება ეხება Huawei-ს.

“მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ: თუ Huawei-სთან თანამშრომლობთ, მაშინ იცოდეთ, რომ ბიზნესს აკეთებთ ადამიანის უფლებების დამრღვევებთან”, – თქვა პომპეომ.

2019 წელს ვაშინგტონმა Huawei დაამატა იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩინურ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელთან სამუშაოდ, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ლიცენზია.

ამავე დროს, შეერთებული შტატები ცდილობს, დაარწმუნოს ევროპელი და სხვა მოკავშირეები, უარი თქვან Huawei-სთან თანამშრომლობაზე.

Comments
Loading...