ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა აბორტის გაკეთება აიძულა

ახალგაზრდა ქალი კურიერს უყვება, რომ ის პოლიციელებმა საავადმყოფოში ძალით მიიყვანეს და აბორტი გააკეთებინეს. მათგან ერთ-ერთი მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი და პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანია.

ქალი დასავლეთ საქართველოდან ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მას ჯერ ემუქრებოდა და არასასურველი ბავშვის საკუთარი ნებით მოშორებას მოითხოვდა, უარის შემდეგ კი რამდენიმე თვის წინ კლინიკაში ძალით მიიყვანა და ფეხმძიმობის მეოთხე თვეს ნაყოფი ძალდატანებით მოაშორებინა.

როგორც თავად ქალი ამბობს, კლინიკაში ძალით მიყვანის შემდეგ, თავდაპირველად გაიქცა, თუმცა, შემდეგ უკვე საოპერაციოში მას თავზე პოლიციელები ედგნენ და აკონტროლებდნენ.

ახალგაზრდა ქალი ყოფილი მეგობარი მამაკაცის ვინაობას არ მალავს. თუმცა, ბრალდებისა და ისტორიის სიმძიმიდან გამომდინარე, კურიერი ამ პოლიციელის მხოლოდ ინიციალებს ასაჯაროვებს. თ.ო. პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია. ქალი ამბობს, რომ ექიმებიც აბორტის იძულებით გაკეთებაზე მისი სტატუსითა და გავლენებით დაითანხმა.

ახალგაზრდა ქალი კურიერთან აცხადებს, რომ აბორტის შემდეგ უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოპერაციიდან ერთ კვირაში თავის მოკვლა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე კი იგივე პოლიციელებმა მალევე დახურეს.

მძიმე ბრალდებების გადამოწმებას კურიერი თ.ო.-სთან შეეცადა. თუმცა, პოლიციის მაღალჩინოსანი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტის ზარებს და შეტყობინებებს უპასუხოდ ტოვებს.

მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ახალგაზრდა ქალმა მის გინეკოლოგთან ვიზიტი ფარულად ჩაწერა და მასალა კურიერს გადასცა. 15 წუთის განმავლობაში პაციენტი ექიმის დარწმუნებას ცდილობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს. ექიმი ქალს უმეორებს, რომ არ ახსოვს, რა ვითარებაში გაუკეთა აბორტი და სთხოვს, ამ საქმეში არ გარიოს.

ექიმმა კურიერის ჟურნალისტს კი განუცხადა, რომ მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ მუქარის გამო, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

წყარო: “რუსთავი2”

Comments
Loading...