ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აშშ-ში ათასობით პატიმარს ათავისუფლებენ

ამერიკის რამდენიმე შტატმა დაიწყო ისეთი პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამის მიზეზი კი გადავსებული ციხეები გახდა, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძირითადად ათავისუფლებენ ასაკოვან და იმ პატიმრებს, რომელთაც ცუდი ჯანმრთელობა აქვთ.

კალიფორნიის, ნიუ იორკის, ოჰაიოს და ტექსასის შტატების ხელისუფლებებმა აგრეთვე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ დაუშვან ვიზიტორები ციხეებში და აგრეთვე შეზღუდონ უშუალოდ ციხეებში პატიმართა გადაადგილება.

გამოცემის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში 2,2 მილონი პატიმარია. არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ შექმნილ სიტუაციაში დაინფიცირდნენ არამხოლოდ პატიმრები, არამედ მრავალრიცხოვანი დაცვაც.

ექსპერტების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ამერიკის ციხეებში 164 000-ზე მეტი პატიმარია, რომელთა ასაკიც 55 წელზე მეტია. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაინფიცირდებიან, იმ ციხეებში, სადაც იმყოფებიან, პერსონალს მათთვის რეალური დახმარების გაწევის საშუალება არ ექნება. აგრეთვე არ არსებობს დამატებითი ადგილების გამოყოფის საშუალება საჭირო იზოლაციისთვის.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საუბარი არ არის მასშტაბურ გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ისინი არ გაათავისუფლებენ იმ პატიმრებს, რომელთაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ-ში სულ ინფიცირებულია 35 224 ადამიანი. დაღუპულია 400. ყველაზე დიდი მსხვერპლი დაფიქსირებულია ნიუ იორკისა და ვაშინგტონის შტატებში.

Comments
Loading...