ბავშვმა მისი გატაცების შესახებ ამბავი მოიგონა

შიდა ქართლის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურებმა მიიღეს შეტყობინება ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 10-წლამდე ასაკის ბავშვმა ამბავი მოიგონა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. მოსწავლემ სკოლიდან შინ მისვლა დააგვიანა. დაგვიანების მიზეზად დედასთან აღნიშნა, რომ იგი უცნობი პირის მიერ იყო გატაცებული.

ბავშვის მონათხრობით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩააგდო. შემდეგ ,,გამტაცებელმა” მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით დაიწყო საუბარი. ,,დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვიო” – მოუყვა ბავშვი მშობელს.

ფაქტის შესახებ qartli.ge-ს ბავშვის ახლობელმა შეატყობინა. მისი ცნობით, მოზარდი მშობელთან ერთად პოლიციის შენობაში დასაკითხად იმყოფებოდა და ყურადღების მიქცევა ითხოვა.

მანდატურებმა სკოლიდან ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება დაიწყეს.  მას შემდეგ, რაც დედა ცუდად გახდა, შვილმა გადაწყვიტა  სიმართლე ეთქვა – რომ ამბავი მოიგონა. qartli.ge-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ მანდატურებმა მოკვლევა სკოლაშივე ჩაატარეს და დაასრულეს.

Comments
Loading...