ბათუმში იმედა აბაშიძის ოჯახი აქციას მართავს

“გადავარჩინოთ სიცოცხლე, ვერ გადაიტანს”- ამ სლოგანებით აქცია ბათუმის საალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც კანონიერი ქურდობის” ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახი მართავს.

დაკავებულის მეუღლის ნინო აბაშიძის მტკიცებით, იმედა აბაშიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნულის მტკიცებულებად მეუღლემ ორი ექსპერტიზის დასკვნა და ექიმების შეფასება წარმოადგინა.

დაკავებულის ოჯახი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას უკვე მეორედ მას შემდეგ მართავს, რაც მოსამართლემ დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განუცხადა. თუ კი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ახლობლები ფართომაშტაბიან აქციებს აანონსებენ.

“ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. პირველი ჯგუფის ინვალიდია. ვითხოვთ, რომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ და ასე გაგრძელდეს სასამართლო პროცესები. ექსპერტების დასკვნაც არსებობს, რომ მისი ჯანმრთელობა მძიმეა” ,- აცხადებს ნინო აბაშიძე.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ 11 პირი დააკავეს. მათ შორის არის ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი, რომელიც სამართალდამცავებმა თურქეთის ტერიტორიაზე მოგვიანებით აიყვანეს და ამ დრომდე მისი ექსტრადირება საქართველოში არ მომხდარა.

Comments
Loading...