ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, საპროტესტი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო ”შერატონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, მდუმარე აქცია მიმდინარეობს.

 

შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და მოქალაქეები. ისინი საპროტესტო აქციაზე მივიდნენ ბანერებით – ”მედია თავდასხმის ობიექტია”, ”ევროპა ჩვენი არჩევანი”, ”თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოება”, ”არა ავტორიტარიზმს”.
აქციის მონაწილეებს სურთ შარლ მიშელს მიაწვდინონ ხმა და უთხრან, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობენ.

მათივე თქმით, მთავარი მოთხოვნა 5-6 ივლის მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მოხდეს ობიექტური გამოძიება და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისაჯოს.
კოალიცია ”მედია ადვოკატირების ინიციატივით” ასევე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიმართვაზე, რომელსაც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს. მთავარი მოთხოვნაა საერთაშორისო პარტნიორებმა დემოკრატია ყურადღების მიღმა არ დატოვონ და ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვაში მხარი დაუჭირონ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები.
მათ თან აქვთ ბანერები, ასევე გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები.
”გვინდა შარლ მიშელს შეხვდეთ და ძალადობრივი ფაქტების შესახებ მოვუყვეთ. გავაგებინოთ რა ძალადობრივ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ასევე ვუთხრათ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, რომელიც მოსამართლეების დანიშვნას ეხებოდა არ სრულდება. ასე გვსურს ვუთხრათ, რომ ღირსეული ევროპული ქვეყანა ვართ, ეს მშვიდობიანი პროტესტია” – განაცხადა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა.
აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

Comments
Loading...