ბატიაშვილი: ქართული ენის და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია

ახალი საგამოცდო სისტემის პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება ქართული ენისა და ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მინისტრის თქმით, 2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

„ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია. მშობლიური ენის გაძლიერება, ეს არის ჩვენი ამოსავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი მომავალი. არ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, თვითმყოფადობა და კულტურული ფასეულობები“ – განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, არასწორი იყო ინფორმაცია, თითქოს ქართული ენის გამოცდის გაუქმება იგეგმებოდა.

მინისტრის თქმით, პირიქით, ეს კომპონენტი ძლიერდება, როგორც სასკოლო პროცესში, ასევე საგამოცდო დონეზე.

Comments
Loading...