ბოლივიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბოლივიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ხავიერ სავალეტა თანამდებობიდან გადადგა. შესაბამის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო მიკრობლოგ Twitter-ზე აქვეყნებს.

მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და დასძინა, რომ ბოლივიის არმიამ ხალხთან უნდა დაიცვას თავისი სამშობლო და არა მათ წინააღმდეგ იმოქმედოს.

მან ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის პოლიტიკურ ოპონენტებს შეახსენა, რომ ”ტყვიები არც პასუხია და არც პრობლემის გადაჭრის გზა”.

პრეზიდენტი ევო მორალესი ბოლივიაში სამკვირიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, რომელშიც მორალესმა გაიმარჯვა. თუმცა მისმა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრის დროს მრავალი დარღვევა იყო.

მორალესის შემდეგ, ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს, მათ შორისაა ვიცე-პრეზიდენტი, სენატის სპიკერი, მისი წევრები, მინისტრები და საბაჟო სამსახურის უფროსი.

Comments
Loading...