“ბოლო 2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა- ეს რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგია”

ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ, ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა აქტივობას და შეკრებას.

“მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვქნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ, ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ პრაქტიკულად ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვკიდოთ ჩვენს აქტივობას და ნებისმიერ შეკრებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Comments
Loading...