ბოტსვანაში სპილოების მასობრივი სიკვდილიანობის შესაძლო მიზეზი დაადგინეს

ბოტსვანის ველური ბუნების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანაში ასობით სპილოს დაღუპვის მიზეზი, შესაძლოა, ცნობილ ოკავანგოს დელტაში არსებული ტოქსინები იყოს.

მსოფლიოში არსებული სპილოების პოპულაციის ყველაზე დიდი ოდენობა აფრიკის კონტინენტის სამხრეთით არსებულ ამ ქვეყანაზე მოდის; მათი რიცხვი, დაახლოებით, 130 ათასია. მარტიდან მოყოლებული კი დაახლოებით 300 სპილო ამოუცნობი მიზეზით დაიღუპა.

ოფიციალურმა წარმომადგენლება ციმბირული წყლული გამორიცხეს. ასევე გამოირიცხა ბრაკონიერობა, რადგან დაღუპულ ცხოველთა ეშვები ხელშეუხებელი იყო.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა წინასწარმა ტესტირებებმა დასკვნითი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ტესტირებები ახლაც მიმდინარეობს.

“იმ წინასწარი ტესტირებების შედეგების მიხედვით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, სპილოების სიკვდილიანობის პოტენციური მიზეზი ბუნებრივად წარმოქმნილი ტოქსინებია, თუმცა ეს საბოლოო შედეგი არ არის და შესაბამისად, მათი სიკვდილის ზუსტ მიზეზს ვერ დავასახელებთ”, — განაცხადა ველური ბუნების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სირილ ტაოლომ.

ტაოლომ ასევე განმარტა, რომ ზოგიერთი ბაქტერია შხამს წარმოქმნის — განსაკუთრებით, დამდგარ წყალში. სახელმწიფოს მონაცემების მიხედვით, დაღუპულ სპილოთა რაოდენობა 281-ია, დამოუკიდებელი კონსერვაციონისტების თქმით კი ეს რიცხვი 350-ს აჭარბებს.

სპილოების დაღუპვა თავდაპირველად ველური ბუნების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციამ, სპილოები საზღვრების გარეშემ (EWB) შეამჩნია. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ივლისში გავრცელდა.

EWB-მ შეამჩნია, რომ სპილოები ამ ტერიტორიაზე სამი თვის განმავლობაში, ასაკისა და სქესის განურჩევლად კვდებოდნენ. მათი განცხადებით, ზოგიერთი ცოცხალი სპილო სისუტეს, ძილიანობასა და გამოფიტულობას განიცდიდა, ზოგიერთი კი დეზორიენტირებული იყო და სიარული უჭირდა.

სიკვდილიანობის ზუსტი მიზეზის დასადგენად ტესტირებები როგორც სამხრეთ აფრიკის ლაბორატორიებში, ასევე კანადაში, აშშ-სა და ზიმბაბვეში მიმდინარეობს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...