გაერთიანებული ოპოზიცია ე. წ. გერმანულ მოდელს პარლამენტში დაარეგისტრირებს

გაერთიანებული ოპოზიცია გერმანულ საარჩევნო მოდელზე დაყრდნობით შექმნილ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებს – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, იმ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ, რასაც ეუთო/ოდირი მათ მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესახებ გასცემს.

“ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, სწორედ სახელმწიფო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს – ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვებს იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე. სამწუხაროდ, “ქართული ოცნებისგან” გვესმის მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომ უბრალოდ არ უნდათ და არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს და მივმართავთ თხოვნით, რადგან მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს.

ამასთან, ვნახეთ ომბუდსმენის განცხადება, რომ კანონი უნდა იყოს პარლამენტში დარეგისტრირებული, რათა გადაეგზავნოს ეუთო/ოდირს. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნაც შევასრულოთ და ხვალ ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობა, ამ კანონპროექტს პარლამენტში შეიტანს. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა შენიშვნა ეუთოსა და ოდირის მხრიდან,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მზად არის საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს, თუმცა ამისთვის ის პარლამენტში ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს.

Comments
Loading...