“გაუჩინარების მიზეზი იყო პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი ქმედება” – რამაზ გერლიანი პოლიციაში გამოკითხეს

სამი დღის წინ გაუჩინარებული რამაზ გერლიანი გამოჩნდა. ის გვიან ღამით სამართალდამცველებმა გლდანი-ნაძალდევის პოლიციის სამმართველოს მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გაუჩინარების მიზეზი პოლიციელის მხრიდან მის მიმართ უღირსი ქმედება გახდა.

“ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ასე შემდეგ. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე”, – თქვა რამაზ გერლიანმა.

კითხვას – რა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, გერლიანმა ასე უპასუხა: “სიკვდილთან შეხვედრა. პოლიციამ მომისწრო და ვერ…”

შეგახსენებთ, რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს გაუჩინარდა. მანამდე ის პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.

“მთავარი არხი”

Comments
Loading...