გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. აღსანიშნავია, რომ კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 10 წლის წინ და ვფიქრობ, რომ დღეს, დროის თვალსაზრისით, გერმანიის კანცლერის ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია გერმანიის მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“ -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თმით ქართული მხარე უაღრესად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა, რადგან „გერმანიას აქვს მუდმივი დიალოგი სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და აქტორებთან და ამიტომ იმის ხაზგასმა, რომ სხვა გლობალურ პრობლემებთან ერთად, საქართველოს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი გერმანიის დღის წესრიგში, არის ჩვენთვის უაღრესად ფასეული“ – განაცხადა მინისტრმა.

Comments
Loading...