გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. ცოტა ხნის წინ კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტია საქართველოში. ანგელა მერკელი კავკასიურ ტურნეს თბილისიდან იწყებს.

გერმანიის კანცლერს აეროპორტში დახვდათ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში გერმანიის ელჩი და გერმანიაში საქართველოს ელჩი.  აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერს ყვავილების თაიგული გადასცა.

აეროპორტში გერმანიის კანცლერს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. ის პირდაპირ მთავრობის კანცელარიაში გაემგზავრა, სადაც საქართელოს პრეიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.
რა იქნება, ამ ვიზიტის მთავარი მიზანი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოლოდინებია თბილისში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აქცენტს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე აკეთებს. საპარლამენტო ოპოზიცია კი აქცენტს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და დეოკუპაციაზე აკეთებს.

ომის შემდგომ არსებულ რეალობასა და ოკუპაციაზე აკეთებს აქცენტს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც. პოლიტოლოგი გია ნოდია კი იმაზე საუბრობს, რომ ამ ვიზიტის მიზანია იმის ხაზგასმა, რომ გერმანიისთვის კავკასიის რეგიონი მაღალი ინტერესის საგანია.

 

Comments
Loading...