გიორგი ბოტკოველი: სოფელ ველისციხეში დაპირისპირებაა, სწორედ ესაა ივანიშვილის ხელწერა

“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონალური ოფისის მენეჯერის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სოფელ ველისციხეში დაპირისპირება მოხდა, რადგან ოპოზიციის კოლონას გადაადგილების საშუალება არ ეძლევა. ის მომხდარში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეებისთვის ხელისშეშლა სწორედ მისი ხელწერაა.

“პირველი დაბრკოლება, რომელიც დღეს შეუქმნეს თბილისიდან მომავალ მშვიდობიან კოლონას, ეს იყო გომბორის მიმართულებით. კოლონას იქ არ მიეცა პოლიციის მხრიდან საშუალება, რომ მანქანები გადაადგილებულიყვნენ და იქ იყო განცხადება, რომ ემოძრავათ გურჯაანის მიმართულებით და არანაირი დაბრკოლება არ იქნებოდა.

წამოსული კოლონა ამ წუთებისთვის გაჩერებულია ველისციხეში,სადაც ავტობუსებით არის გზა ჩახერგილი და არ ეძლევა საშუალება კოლონას, რომ თელავის მიმართულებით გადაადგილდეს, იქ მიმდინარეობს ახლა დაპირისპირება და აი, ზუსტად ეს არის ივანიშვილის ხელწერა. როგორც მალულად გუშინ მიიყვანა სამარცხვინო პრეზიდენტი მემორიალთან, როგორც მიიყვანა ილია ჭავჭავაძის საფლავთან, დღეს ესე ცდილობს, რომ მალულად ჩაატაროს ის ღონისძიება, რომელიც თელავში ტარდება”,-აცხადებს ბოტკოველი.

Comments
Loading...