გიორგი გახარია: თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, მათ შორის ფრანს 24-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნათა ზრდას ეხებოდა.

,,რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში საფრანგეთთან მიმართებით გვაქვს და ეს ფაქტია, ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ამის ახსნა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი, ისევე როგორც მსგავსი გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთანაც და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, საფრანგეთთან მიმართებაში, ეს ისტორიული სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურულ დონეზე, არის დამატებითი მოტივი იმისთვის, რომ საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკადი ცოტა უფრო მაღალია და ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავგეგმეთ. საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ჩვენ ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები. ამას ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ვხედავთ, საფრანგეთთან მიმართებაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეის მდგომარეობით უკვე ვაკეთებთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, იყო ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში. ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ ციფრებს შევამცირებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 წელია, საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა. 400 ათასზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ყველანაირი კანონის სრული შესაბამისობით. არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. მათი უდიდესი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში, ისევე როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, თუმცა ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მიმართულება, ამ ქვეყნის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება იყოს როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები არის, ამ გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება პოზიტიური შედეგი.“-  განაცხადა გიორგი გახარიამ.
Comments
Loading...