გიორგი შარვაშიძე – თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია შეიქმნება, ასევე დაწესდება მისი სახელობის სტიპენდია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია შეიქმნება, ასევე დაწესდება სტიპენდია, რომელსაც ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი მიიღებს, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სიონის ტაძარში მარიკა ლორთქიფანიძის პანაშვიდზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მარიკა ლორქიფანიძის პატივსაცემად ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმიც დაარსდება.

„ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის სახელი დაკავშირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 70 წლის განმავლობაში. ის იყო უნივერსიტეტის პროფესორი და ბოლომდე იყო ყველაზე აქტიური, ძალიან სწორი და სამართლიანი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა, იყო ასევე ისტორიკოსების მთელი პლეადის აღმზრდელი, აქვს 200-ზე მეტი მონოგრაფია და სამეცნიერო პუბლიკაცია. მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლი ალბათ შესაბამისად დაფასდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია, ასევე შემოვიღებთ სტიპენდიას, რომელსაც მიიღებს ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი დაარსდება“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

Comments
Loading...