გოცირიძე: ავადსახსენებელი მოსამართლეების დამტკიცება საზოგადოებრვი პროტესტის ბიძგი შეიძლება გახდეს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს ეხმაურება. როგორც გოცირიძე ვარაუდობს, მოსამართლეების დამტკიცება შესაძლოა საზოგადოებრვი პროტესტის ბიძგი გახდეს.

“როცა ცხრას პლიუს ექვსი არ უდრის თხუთმეტს!
ოცნების უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებაში ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ ცხრა წლის განმავლობაში სჩადიოდნენ ბოროტებას. იმ ბოროტებმა კიდევ ექვსი წელი რომ იბოროტეს, ამას გვერდს უვლიან. უფრო სწორი ხომ იქნებოდა რომ ეთქვათ-” იმ 15 წლის განმავლობაში”? როგორც ჩანს, 9 ვაშლს თუ ექვსს მივუმატებთ თხუთმეტია რომაა, მსგავსი არითმეტიკა წლების დაჯამებისას არ მუშაობს, როცა ანგარიში მოსამართლეებს ეხება. სად ვაშლი და სად მოსამართლე.
ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც არაერთხელ მომხდარა, ანუ ისე, როგორც უნდა მთლად უფროსს. რაღაც მცირე ჯგუფი დარჩება ”პრინციპულ” პოზიციაზე, უდიდესი ნაწილი კი მხარს დაუჭერს ”განახლებულ” სიას, რომელშიც იქნებიან იმ ბოროტებიდან რამდენიმე ”საჭირო ბოროტი”. ასე მოხდა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით, როცა კომიტეტმა ერთხმად ჩააგდო იგი, მაგრამ საბოლოოდ გრიალით გავიდა პლენარულზე და სულ ოთხი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა ოცნების უმრავლესობიდან.
რაც შეეხება “ოცნებიდან” გასვლა-არგასვლას, ესეც გვინახავს-გაგდებას გასვლა რომ სჯობია ან როცა ”გადიხარ” და ბრუნდები. აგერ, ბატონმა გედი ფოფხაძემ შვიდჯერ დატოვა ქართული ოცნება და მერვედ დაბრუნდა უკან.
ეს როგორო, იკითხავთ ალბათ.
ჩვეულებრივად. ის ხომ გედია.
p.s. მიუხედავად მოტივებისა, ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მათი პროტესტი მისასალმებელია და იგი შეიძლება გახდეს ბიძგი უფრო დიდი საზოგადოებრივი პროტესტისა, რომელიც არ დაუშვებს იმ ავადსახსენებელი მოსამართლეების დამტკიცებას. ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა კანაფის კანონთან დაკავშირებით”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...