გოცირიძე: პოლიტპატიმრების განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ მძევლებად მათი დატოვების უფლებას არ მივცემთ

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პატიმრობაში მყოფი “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას დღევანდელ სტატუსს, სადაც ის წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკიტხი პროპორციული სისტემის მიღების პროცესში ბარიერი გახდეს.

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  ოპოზიციის მოთხოვნაა, პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელის შეთავაზება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ქართული ოცნება“ მაინც არეგისტრირებს იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციისთვის თავიდანვე მიუღებელია. მსგავსი სქემით არჩევნებზე გასვლა კვლავ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება ისევ ფეოდალური სისტემით, რასაც მაჟორიტარული სისტემა ჰქვია. „ქართული ოცნება“ კვლავ ეცდება, გაყალბებითა და მაჟორიტარების გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების ჩატარების წესი, ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“, რადგან იგი პოლიტიკურად განწირული პარტიაა და ისტორიულ სანაგვეს ჩაბარდება მათ მიერ მოტანილი წარუმატებელი წლების გამო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ:  „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

Comments
Loading...