გრეის ანატომიის ახალ სეზონში კორონავირუსის პანდემიის ისტორიებს ვიხილავთ

COVID-19 გრეი სლოუნის კლინიკაშიც შეაღწევს. საკულტო სამედიცინო სერიალ გრეის ანატომიის ერთგული გულშემატკივრები გასული 15 წლის მსგავსად, წელსაც მოუთმენლად ელიან ახალი სეზონის ხილვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო თვეების განმავლობაში მთელ მსოფლიოს მოუწია როგორც სამედიცინო დიაგნოზებთან, ისე უსაფრთხოების წესებთან და ჩახლართულ ტერმინებთან გამკლავება.

რაღა თქმა უნდა, ეს საკითხი შეუმჩნეველი არც ამ გახმაურებული შოუს შემქმნელებს დარჩათ:

“ცხადია, ვაპირებთ, რომ პანდემიის თემას შევეხოთ. წარმოუდგენელია ასეთ ხანგრძლივ სამედიცინო სერიალში არ გადმოვცეთ ის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახა”, — განაცხადა შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა კრისტა ვერნოფმა.

კრისტა ვერნოფმა ამის შესახებ Entertainment Weekly-ის მიერ გამართულ შეხვედრაზე გუშინ, 21 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, ყოველი სეზონის სცენარზე მუშაობის დაწყების წინ შოუს შემქმნელები ყოველთვის ხვდებიან რეალურ ექიმებს, მათ ისტორიებს ისმენენ და სწორედ მათი შთაგონებით ქმნიან შემდეგ სერიალში ემოციურ ისტორიებს. პანდემიის დროს კი ყველაზე მეტი სწორედ სამედიცინო პერსონალს ექნება მოსაყოლი.

“ყოველწლიურად ვხვდებით ექიმებს და ისინი თავიანთ გამოცდილებაზე გვიყვებიან: როგორც წესი, მათ ყველაზე სასაცილო ან დაუჯერებელ ისტორიებს. ამ წელს ეს უფრო თერაპიას ჰგავდა: ექიმებისთვის პირველები ვიყავით, ვისთანაც გასული თვეების გამოცდილებაზე შეეძლოთ გულახდილად ესაუბრათ. ისინი ამბის თხრობისას კანკალებდნენ და ცდილობდნენ, არ ეტირათ. ისინი ამბობენ, რომ მათი სამუშაო პროცესი ომს ჰგავდა — ომს, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ. ვფიქრობ, ჩვენს შოუს აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაც, რომ სწორედ ეს ისტორიები გადმოსცეს მაყურებელს”, — განაცხადა ვერნოფმა.

ჯერჯერობით ახალი სეზონის გადაღებები არ დაწყებულა — სხვა ბევრი პროექტის მსგავსად პამდემიამ ამ შოუს წარმოებაც შეაფერხა. თუმცა უკვე წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ ნამდვილად ძალიან საინტერესო და დაძაბული სანახაობა გველოდება.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...