გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა- ბოლო ცნობები

წინასწარი მონაცემებით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ის ტურისტიც, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

 

Comments
Loading...