დავით ბაქრაძე: ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რაც სასამართლო სისტემაზე გვეკისრება

ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რაც სასამართლო სისტემაზე გვეკისრება, როგორც წინა ხელისუფლების ნაწილს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” სისტემის გაჯანსაღებისთვის არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

“პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ როგორც წინა ხელისუფლების ნაწილს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გვეხება. იმ ხელისუფლების პირობებში ბევრი გაკეთდა სასამართლოსთვის. მაგალითად, კორუფციის აღმოფხვრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ვერ და არ იქნა მიღწეული სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამაზე პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული.

მაგრამ “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით კარგად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რაც სასამართლოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ხდებოდა. როდესაც “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ძალიან მარტივად მოახდინა ხელისუფლებას დაქვემდებარებული მოსამართლეების საკუთარ თავზე გადაქვემდებარება. სისტემაზე ხელის აღება და ყველანაირად ხელი შეუწყო იმ კლანის ჩამოყალიბებას, რომლის საშუალებითაც დღეს იმართება სასამართლო”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...