დარჩება თუ არა საქართველო ევროპული და ყველაზე უსაფრთხო ინტერნეტის გარეშე? – რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომუნიკაციების კომისია 25 ივნისს

25 ივნისს, კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ საკითხზე.

დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს გადაწყდება ჩამოართმევენ თუ არა კომპანიას ლიცენზიას იმ ხარვეზის გამო, რომელიც მას 2019 წელს დაუფიქსირდა, რისთვისაც „კავკასუს ონლაინმა“ ჯარიმაც გადაიხადა და კომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა.
თუმცა, მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ საჭიროა კომპანიის მიერ უნებართვოდ გასხვისებული წილის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. წილის არსებულ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში, კომპანიის მხრიდან ბაზარზე რაიმე ნეგატიური გავლენა არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ კომისია არანაირ ინფორმაციას ავრცელებს და არც რაიმე ხარვეზზე მიუთითებს. მათი მთავარი მოთხოვნა წილის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებაა.

„საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება: კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია“, – წერს უწყება 12 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.
ამ რელიზის თანახმადვე, იმ შემთხვევაში, თუ „კავკასუსი“ 1 მაისამდე კვლავ არ შეასრულებს ვალდებულებას, დღის წესრიგში შესაძლოა კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.
მარეგულირებელ კომისიასთან სამართლებრივი დავის მანძილზე „კავკასუს ონლაინმა“ ჯარიმების სახით ნახევალ მილიონ ლარამდე გადაიხადა.

ამ დავაში ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო დეტალია ის, რომ საუბარია ერთადერთ ევროპულ ინტერენეტ პროვაიდერზე საქართველოში. კავკასუსის გარდა, კიდევ ორი ალტერნატივაა ბაზარზე – თურქული და რუსული ინტერნეტი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ: სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, საქართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჰქონოდა მაღალ სიჩქარიანი, დაცული და უსაფრთხო ევროპული ინტერნეტი.
სანამ „კავკასუს ონლაინი“ შავ ზღვაში ოპტიკურ კაბელს ჩადებდა მთელი რეგიონი იყო მოკლებული ამ შესაძლებლობას. ახლაც და მაშინაც, ალტერნატივას წარმოადგენდა მხოლოდ რუსული და თურქული ინტერნეტი.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის შეწყვეტას.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თუკი კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა ”კავკასუს ონლაინს” , საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ ”კავკასუსი” აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

Comments
Loading...