დაყაჩაღებისას ქალს პირი აუკრეს და ბინიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. მეზობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ ქურდებმა ქალს პირი წებოვანი ლენტით აუკრეს, სახლიდან კი ძვირფასი ნივთები წაიღეს. მას შემდეგ რაც მძარცველები სახლიდან წავიდნენ დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა. 

შემთხვევა დღისით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, სახლში სამი მამაკაცი შევიდა. ქალს პირი სკოჩით აუკრეს, სახლიდან კი ბრილიანტის სამკაულები და სამი ათასამდე დოლარი წაიღეს.

 “მე როგორც გავიგე სამი ბიჭი იყო, ორი თბილისიდან, ხოლო ერთი ბათუმელი. ქალი სახლში მარტო იყო, მისი ქმარი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ნათესავმა მისცა ნიშანი და ისე შევიდნენ მძარცველები სახლში. როგორც ვიცი ყველა დაკავებულია, მათ შორის ნათესავი ქალიც” – გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.  

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაზარალებული ქალი სახლში არ დახვდა. ის, სავარაუდოდ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს მეზობლებიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 136-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ  შეღწევას და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. რაც შეეხება დაკავებულებს, უწყების ინფორმაციით ამ ეტაპზე მხოლოდ ორი პირი აიყვანეს. გამოძიება კი გრძელდება.  

www.ajaratv.ge

Comments
Loading...