დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა

კინოფესტივალის მთავარ სექციაში დასახელდა დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი არ ჩატარდება ტრადიციული ფორმით, არც ერთი სექცია იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივვალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი:

  • რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი
  • სცენარის ავტორები – დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი
  • მთავარ როლებში – ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი
  • ოპერატორი – არსენი ხაჩატურანი
  • მონტაჟი – მეთიუ ტაპონიე
  • საუნდსკეიპი – ნიკოლას ჯაარი
  • მხატვარი – გურამ ნავროზაშვილი
  • კასტინგი – ლელი მიმინოშვილი
  • კოსტუმები – ქეთი კალანდაძე
  • პროდუსერები – OFA (საქართველო), First Picture, Zadig Films (საფრანგეთი)
  • აღმასრულებელი პროდუსერი – კარლოს რეიგადასი
  • საერთაშორისო გაყიდვები –  Wind Bunch

“დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

Comments
Loading...