დონალდ ტრამპი: აშშ-ს არმიამ ალ-ბაღდადის მემკვიდრის ლიკვიდაცია მოახდინა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მემკვიდრე ლიკვიდირებულია.

”ახლახან დადასტურდა, რომ ამერიკის არმიამ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის მემკვიდრის ლიკვიდაცია მოახდინა. სავარაუდოდ, მას “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ადგილის დაკავება შეეძლო – ახლა ის მკვდარია! “,-წერს დონალდ ტრამპი “ტვიტერზე”.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკირობლოგ “ტვიტერზე” ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც  ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეოდა.

„საოცარი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიცირებას ვახდენთ (სახელი დეკლასიფიცირებული არ არის), რომელმაც საოცარი წვლილი შეიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაჭერასა და ლიკვიდაციაში“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპმა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სამხედროებმა ტერორისტი გვირაბში მოიმწყვდიეს, სადაც მან თვითმკვლელი ტერორისტის ქამრის მეშვეობით თავი აიფეთქა. პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ტერორისტთან ერთად მისი სამი ბავშვი და ბევრი მისი მომხრეც დაიღუპა.

Comments
Loading...