დონალდ ტრამპი: პოლიციელების სწავლაში მეტი თანხები უნდა დაიხარჯოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა პოლიციის გაუქმებისა და მისი დაფინანსების შემცირების შესახებ მოთხოვნები, და მეტიც, განაცხადა რომ აუცილებელია ძალოვნების სწავლებაზე მეტი თანხის დახარჯვა.

“ჩვენ სხვა გზით უნდა წავიდეთ. ჩვენ მეტი ენერგია და რესურსი უნდა გამოვყოთ პოლიციის სწავლებისთვის, პერსონალის შერჩევისთვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს პოლიციას, ისინი ჩვენ გვიცავენ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტექსასში გამართულ ღონისძიებაზე.

“ჩვენ ვასრულებთ ბრძანებულებაზე მუშაობას, რომელიც სტიმული იქნება ქვეყნის მაშტაბით პოლიციის განყოფილებებისათვის, რომ დააკმაყოფილონ ძალისგამოყენების ყველაზე თანამედროვე პროფესიონალური სტანდარტები,” – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება არ დაითხოვს პოლიციას და არც შეამცირებს მათ დაფინანსებას. პოლიციის დაფინანსების შემცირების მოთხოვნები ხშირად ისმის აშშ-ში, საპროტესტო აქციების ფონზე, რაც მინეაპოლისში, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაიწყო. 25 მაისს, დაკავების დროს, პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ ძალადობას მიმართა, რასაც იგი ემსხვერპლა. აფროამერიკელი საავადმყოფოში მიყვანისას მალევე გარდაიცვალა. ერთი დღის შემდეგ, დაპატიმრებაშიმონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ბრალი წაუყენეს.

Comments
Loading...