დონალდ ტრამპი: ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე ანგარიში ვნახე, ეს ხუმრობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტში წარდგენილ მისი იმპიჩმენტის შესახებ ანგარიშს “ხუმრობა” უწოდა,-ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

”ვნახე, ეს ხუმრობაა”, -განაცხადა ტრამპმა ანგარიშის კომენტირებისას.

მან დსასძინა, რომ რასაც დემოკრატები აკეთებენ, “ამერიკისთვის ძალიან ცუდია”. დონალდ ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია “არასოდეს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორც ახლაა”.

ადრე, აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის შესახებ მოხსენება გაავრცელა. დოკუმენტი ნოემბერში აშშ-ს ოფიციალურ პირებთან რამდენიმე მოსმენის შემდეგ მომზადდა.

დემოკრატებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი ამა წლის 24 სექტემბერს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამერიკელმა ინფორმატორმა დონალდ ტრამპის თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმერ ზელენსკისთან ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის გამო, შეშფოთება გამოთქვა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის საუბრის თაობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მასზე ზეწოლა მოახდინა და აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა სახელმწიფო ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, მაგრამ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საუბრის ჩანაწერში რაიმე უკანონო ვერაფერი აღმოაჩინა. წარმომადგენელთა პალატაში კი განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აუცილებელია.

Comments
Loading...