დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას 5 სექტემბერს დაამტკიცებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 5 სექტემბერს საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. ამის შესახებ კომისიის თამჯდომარე სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

“საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. შემდეგ სამ დღეში ჩვენ წარვადგენთ დასკვნის სხვადასხვა ნაწილს, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა მოხდა ხორავას 4-ში და შემდეგ გამოძიების დროს.

მუშაობის ამ ბოლო ეტაპზე სრულიად ნათელია ქართული ოცნების ამოცანა – კომისიის დისკრედიტაცია, აქცენტების გადატანა პოლიტიკურ თემაზე და პიროვნული შეურაცხყოფები.

ასე იქცევიან პატარა პოლიტიკოსები, როდესაც გაურბიან მნიშვნელოვან თემებზე პასუხისმგებლობას.

დღეს 12 საათიდან კომისიის ფარგლებში დასკვნის იმ ნაწილს გავივლით, რომელიც სკოლებში უსაფრთხოებას ეხება.

ხვალ საუბარი გვექნება იმ დარღვევებზე, რაც კომისიამ მუშაობის ფარგლებში აღმოაჩინა.

ზეგ განვიხილავთ კომისიის რეკომენდაციებს.

5 სექტემბერს კი კომისია დაამტკიცებს საბოლოო დასკვნას.

ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობას მოუწევს გადაწყვიტოს, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და აპირებს დასაჯოს დამნაშავეები, თუ არ აქვს და თავადაც გახდება უსამართლობაზე პასუხისმგებელი”, – წერს კაპანაძე.

 

Comments
Loading...