ეკა ბესელია: “ბრძოლას გავაგრძელებ”

“მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.

დეპუტატი ამბობს, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა.

“მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში, ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება, ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმეს შანტაჟის ენით დაელაპარაკება. მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2011 წელს და მე დავარეგისტრირე პოლიტიკური პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად, მე ამ გუნდის და პირველი ოქტომბრის იდეალებს ვიცავ.

მე ჩემი სახელი და გვარი მაქვს ამ ქვეყანაზე და მთელი ჩემი ცხოვრება არის ბრძოლის ხაზი, ამიტომ მე ვაკეთებ იმას, რაც არის ბუნებრივად ეკა ბესელია და არავის როლში არ ვარ. მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, ასე მიმაჩნია, ასე მწამს და ასე მჯერა. ეს არის ჩემი დღევანდელი პოზიცია. რა იქნება ხვალ, როგორ განვითარდება მოვლენები, ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მე არ წავალ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Comments
Loading...