ელისაშვილი ოქრუაშვილთან წინასაარჩევნო შეხვედრას ადასტურებს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა მას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მისი მეგობრები, ნახალოვკელები შეახვედრა.

ამის შესახებ ელისაშვილმა გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ის ერთ-ერთ რესტორანში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად მივიდა.

“წინასაარჩევნოდ ათასობით და ათიათასობით ადამიანს შევხდი, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ორგანიზატორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი. მან შემახვედრა მისი ბავშვობის მეგობრები, ნახალოვკელები, დაახლოებით, 30 კაცი იყო, ვისაც ჩემი გაცნობა უნდოდა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მე მათ ვუხსნიდი რას და როგორ ვაპირებ. ნახევარი სათის შემდეგ ეს სივრცე დავტოვე. ეს იყო გახსნილი შეხვედრა, რესტორანი საჯარო სივრცეში. არაფერი კონფიდენციალური შეხვედრა არ იყო. გულდასაწყვეტია ის, რომ უშიშროება იმის მაგივრად სახელმწიფოს მტრებს დასდევდეს ასე რესტორან-რესტორან დამსდევს და ქუჩა-ქუჩა იღებს შეხვედრებს და მერე ავრცელებს, ვითომ არიქა ქვეყანა დაიქცა. საქმეს მიხედონ, ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხვედრა. ამის შესახებ მან კიდევაც დაწერა რომ მისი მეგობრები ნახალოვკელები მხარს მიჭერენ. ჩემი დაფინანსება ხდება ძალიან გამჭირვალედ. არც ოქრუაშვილი და არც სხვა ვინმე ფარული გზებით არ მაფინანსებს”,- განაცხადა ელისაშვილმა.

Comments
Loading...