ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალი – GNM Festival 2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი,მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ამჯერად ციფრულ ფორმატში ჩატარდება.ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმის ფეისბუქ გვერდი.

წლევანდელი ფესტივალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის 15 წლის იუბილეს ეძღვნება.
18-24 მაისს, მუზეუმის ციფრული არხებით, პირველად საზოგადოების წინაშე წარსდგება ბოლნისის ახალი მუზეუმი. გაგაცნობთ ახალ გამოფენებს, შემოგთავაზებთ სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადებულ ონლაინ გასაფერადებლებს, ქვიზებსა და ფაზლებს; დავიწყებთ ონლაინ გაკვეთილების სერიას და მთელი კვირის განმავლობაში მოგიყვებით არქეოლოგიაზე, ისტორიაზე, ხელოვნებასა და ბუნებაზე; ასევე, იხილავთ მე-19 საუკუნის თბილისში, ერივანსკის – დღევანდელი თავისუფლების მოედნის 360 გრადუსიან ციფრულ რეკონსტრუქციას. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს ინტერაქტიულ პროგრამებს გაგიზიარებთ. ფესტივალის ფარგლებში გიჩვენებთ დოკუმენტურ მასალას ეროვნული გალერეის შესახებ. ფესტივალის დასასრულს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან ერთად, წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – „ეროვნული მუზეუმი და ტრადიციული რეწვის ოსტატები“.
პროგრამა
◆ 18 მაისი ბოლნისის ახალი მუზეუმის წარდგენა.
საზოგადოება პირველად გაიცნობს ჩვენი ინსტიტუციის კიდევ ერთ ახალ მუზეუმს, რომელიც ქვემო ქართლის სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. ის გახლავთ XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელი.
მუზეუმის ონლაინ გაკვეთილები – პროგრამა დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად.
18 მაისიდან, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს გთავაზობთ ონლაინ გაკვეთილებს ჩვენი გამოფენების მიხედვით. ვირტუალური შეხვედრების განრიგი: https://bit.ly/2Z9Qmkw
◆ 19 მაისი ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილის ინსტალაციის – „დიდი რყევა“ ვიდეოჩვენება.
პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში ვალო იმერლიშვილმა შექმნა ფუნქციონალური სკულპტურა როგორც ინსტალაცია – ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი არტეფაქტი დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას ეძღვნება | თბილისის ისტორიის მუზეუმი.
◆ 20 მაისი „გენერალ ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“.
დამთვალიერებელი გამოფენას ვიდეოს სახით იხილავს. გამოფენის კურატორი მამუკა ქაფიანიძე სტუმართან – ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად გაგაცნობთ საბრძოლო იარაღებს, მემორიალურ ნივთებს, ფერწერულ ნიმუშებს, აღმოსავლურ ღვთაებათა ქანდაკებებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გენერლის კოლექციიდან. ვიდეოს წარმოგიდგენთ

TBC – თიბისი

სთან ერთად | სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

◆ 21 მაისი ეროვნული გალერეის 100 წელი – გაგიზიარებთ აქამდე უცნობ ფაქტებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ. გალერეის მმართველი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე მოგიყვებათ გალერეის დაარსების, კოლექციების შეგროვებისა და შენობის არქიტექტურის შესახებ.
◆ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე – მუზეუმში დაცულ ჰერბარიუმსა და ცხოველთა სამყაროს ციფრული, ინტერაქტიული ფორმატით გაგაცნობთ. შემოგთავაზებთ თემატურ გასაფერადებლებსა და ფაზლებს.
◆ 23 მაისი წარმოგიდგენთ მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის“ (დღევანდელი თავისუფლების მოედნის) 360 გრადუსიან ციფრულ რეკონსტრუქციას.

◆ 24 მაისი „ეროვნული მუზეუმი და ხალხური რეწვის ოსტატები„ – პროექტის პრეზენტაცია.

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association

-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას, რომელსაც მუზეუმის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ხალხური რეწვის ოსტატები ერთობლივად ამზადებენ. პროექტი ციფრულ ფორმატში დაიწყება და სამომავლოდ რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს. მისი მიზანია ტრადიციისა და თანამედროვეობის ჩვენება.

 

Comments
Loading...