ექსპერტები ბეირუთის აფეთქების სიმძლავრეს ბირთვულ იარაღთან შედარებით აფასებენ

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5 ათასზე მეტი კი დაშავდა.

ლიბანის დედაქალაქის მცხოვრებლებმა ეს საზარელი წამები ვიდეოებზე აღბეჭდეს. მათზე ნათლად ჩანს, როგორ წარმოიშობა უზარმაზარი წითელი ღრუბელი, რომელიც ბევრმა ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილ “ატომის სოკოს” შეადარა.

აფეთქების ზუსტი წყარო ჯერ დადგენილი არაა, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიებას მთავარი ეჭვი პორტის საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე შენახულ 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატზე აქვს.

აფეთქებამ 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვია და მისი ეფექტის შეგრძნება ასობით კილომეტრის რადიუსში იყო შესაძლებელი. ექსპერტების თქმით, აფეთქებას ასობით ტონა ტრინიტროტოლუოლის (TNT) ეკვივალენტი სიმძლავრე ჰქონდა.

არაბირთვული და ბირთვული იარაღის ექსპერტი, ჯეფრი ლიუისი ვარაუდობს, რომ აფეთქების სიმძლავრე — მის მიერ გამოწვეული ზარალის, დარტყმის ტალღის, სეისმური სიგნალებისა და კრატერის ზომაზე დაყრდნობით — 200-დან 500 ტონა TNT-ის ეკვივალენტი უნდა ყოფილიყო.

შესადარებლად, აშშ-ის სამხედრო არსენალში დღეისთვის არსებული ყველაზე ძლიერი არაბირთვული იარაღის, GBU-43/B Massive Ordnance Air Blast-ის აფეთქების სიმძლავრე დაახლოებით 11 ტონა TNT-ის ეკვივალენტია.

ფოტო: AP

ბეირუთში მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივთაგან ზოგს ეგონა, ქალაქში რაღაც ტიპის ატომური იარაღის დეტონაცია მოხდა. ეს შიში ქალაქის ცაზე გამოჩენილმა სოკოს ფორმის კვამლმა გააძლიერა.

ბეირუთის გუბერნატორმა საზარელი ინციდენტი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროშიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბების აფეთქებას შეადარა.

“მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ მიხილავს ამ მასშტაბის ნგრევა”, — განაცხადა მან.

რეალურად, ბეირუთის აფეთქება იაპონიის ქალაქებში ჩაგდებული ბომბების სიმძლავრეს — რომელიც 15 კილოტონა TNT-ის ეკვივალენტი გახლდათ — მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. თუმცა ამ აფეთქების სიმძლავრის შედარება თამამად შეგვიძლია ყველაზე დაბალენერგიანი, B61 ატომურ ბომბთან, რომლის სიმძლავრეც, დაახლოებით, 300 ტონა TNT-ის ეკვივალენტი უნდა იყოს.

ამასთან, ზოგიერთმა ექსპერტმა პორტში მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 1-2 კილოტონადაც კი შეაფასა. თუ ისინი მართლები არიან, შეიძლება ითქვას, რომ 4 აგვისტოს აფეთქება აშშ-ს არსენალში არსებული შედარებით პატარა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე ძლიერი იყო.

თუმცა სიმძლავრის გარდა ატომური აფეთქება სხვა უმნიშვნელოვანესი თვისებებით განსხვავდება სხვა ტიპის აფეთქებებისგან.

“ბირთვული აფეთქებისას სეისმური ტალღა გაცილებით სწრაფია, რადგან უკონტროლო ბირთვული ჯაჭვური რეაქციისგან წარმოქმნილი ენერგია ქიმიური აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ენერგიაზე სწრაფია”, — განმარტავს ბირთვული შეიარაღების ექსპერტი, ჰანს კრისტენსენი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბირთვულ აფეთქებას თან ძლიერი რადიაციაც მოჰყვებოდა.

ფოტო: Planet Labs Inc.

მასიური აფეთქების შესაძლო გამომწვევი ამონიუმის ნიტრატი, ოფიციალური ლიბანის განცხადებით, პორტში შემოსულ სატვირთო გემს რამდენიმე წლის წინ ჩამოერთვა. ეს ერთობ ფეთქებადსაშიში ნივთიერება გახლავთ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში — მათ შორის, ჩინეთსა და აშშ-ში — აქამდეც არაერთხელ გამხდარა საზარელი აფეთქების გამომწვევი.

ბეირუთის ტრაგიკულმა ინციდენტმა 300 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა მაშინ, როცა ქვეყანას ფინანსურად და პოლიტიკურადაც არასტაბილური პერიოდი უდგას.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...